top of page

რუსეთის შემოჭრიდან ივანიშვილის ბოდიშამდე


იმისთვის, რომ კითხვა „რატომ დაიწყო რუსეთმა ომი?“ გარდაქმნილიყო კითხვად  „ვინ დაიწყო ომი?“ რუსეთმა დიდი ძალისხმევა გაწია. 16 წლის წინ,  საქართველოში შემოჭრიდან მალევე ამუშავდა პროპაგანდისტული მანქანა, რომელშიც რუსული მედია, პოლიტიკოსები და „ექსპერტები“ თანაბრად იყვნენ და არიან ჩართულნი.

 

თითქოს თვალნათელი ფაქტი, რომ სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მეორე სახელმწიფოს შემოჭრა ომია, კრემლმა პროპაგანდის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და დღემდე პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს, მათ შორის სამწუხაროდ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ხელით.

 

ბიძინა ივანიშვილმა 14 სექტემბერს სიტყვით გამოსვლისას თქვა ის, რაც ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ვერც ერთმა წევრმა აქამდე ვერ გაბედა - რომ თურმე საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი და რომ ომი არა რუსეთმა, არამედ მაშინდელმა ხელისუფლებამ გარე ძალების გავლენით დაიწყო.

 

სინამდვილეში 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრას წინ უძღოდა პოლიტიკურ მოვლენათა საკმაოდ რთული და კომპლექსური ჯაჭვი და არც ომი ყოფილა სპონტანური. შევეცდები მოკლედ შევეხო ბევრიდან იმ ოთხ  საგარეო და საშინაო ფაქტორს, რომლებმაც რუსეთის საქართველოში შემოჭრა განაპირობა.

 

ახალი კურსი

 

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთაც მალევე ყველასთვის თვალნათელი გახდა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი მნიშვნელოვნად ბრუნდებოდა დასავლეთისკენ. ხელისუფლებაში მოსული ლიდერები ღიად და ყველა ტრიბუნიდან აცხადებდნენ, რომ ქვეყნის ერთადერთ გზა სწორედ დასავლეთია. „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“ - ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები სწორედ ამ ცვლილებების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.  როგორც მოსალოდნელი იყო მოსკოვისთვის ახალი ხელისუფლების მისწრაფებები გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

 

მალევე საქართველოს პარტნიორობა დასავლეთსა და განსაკუთრებით აშშ-თან გაცილებით მაღალ დონეზე გადავიდა. ამას მოწმობს 2004 წელს ჯორჯ ბუშის ვიზიტი საქართველოში. საერთაშორისო საზოგადოებისთვის  საქართველო თანაბარი პარტნიორი გახდა და აგრძელებდნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერას. ფორმალურად, იგივე პოზიცია ეკავა იმ დროს რუსეთსაც, თუმცა, იმავდროულად კრემლი კონფლიქტურ რეგიონებში აქტიურად ეწეოდა ანტიდასავლურ და ანტიქართულ პროპაგანდას და მასობრივად აიძულებდა მოსახლეობას აეღოთ რუსული პასპორტები. რუსეთს განსაკუთრებით არ მოსწონდა ის განცხადებები, რომელიც თბილისში კეთდებოდა. სააკაშვილმა ინაუგურაციისას თქვა, რომ  მისი პრეზიდენტობის მთავარი მიზანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნებოდა. იგივე სულისკვეთებას იმეორებდნენ  მაღალი თანამდებობის სხვა პირებიც. ის რომ სააკაშვილსა და პუტინს შორის პიროვნული მიუღტებლობა იყო,  საიდუმლო არაა. შავმა კატამ  ორ ლიდერს შორის საქართველოში პოლიტიკური ცვლილებებიდან მალევე გაირბინა. დაპირისპირების ერთ-ერთი პირველი საკითხი  ვალერი ხაბურზანიას უშიშროების მინისტრად დატოვება იყო. სააკაშვილმა 2004 წელს პუტინის ეს მითითება არ გაითვალისწინა, რამაც მოსკოვს ნათელი სიგნალი მისცა, რომ ქვეყნის საგარეო კურსი და შესაბამისად პრიორიტეტებიც რეალურად შეიცვალა.

 

სამშვიდობო ინიციატივა 


საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გამოვიდა სამშვიდობო ინიციატივით, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიას სთავაზობდა. ასევე, აფხაზეთის წარმომადგენელს საქართველოს ვიცე-პრემიერის პოსტს. 2006 წელს ოფიციალურმა თბილისმა 90-იან წლებში გაუქმებული, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსი აღადგინა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ალტერნატიული პოზიცია შექმნა.  თბილისის მიერ მხარდაჭერილი არჩევნების შედეგად კი ეს პოსტი დიმიტრი სანაკოევმა დაიკავა.

ქურთაში, თამარაშენსა და  ერედვში ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო, გაიხსნა ახალი ობიექტები, დაარსდა ახალგაზრდული ორგანიზაცია. სოფლებში ხშირად ჩადიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები. მოქალაქეები რეალური კეთილდღეობის შანსს ხედავდნენ, რაც რა თქმა უნდა რუსეთის გაღიზიანებას იწვევდა.

 

კოსოვოს პრეცედენტი

 

2008 წლის 17 თებერვალს საერთაშორისო პოლიტიკაში მოხდა ისტორიული მოვლენა - მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, საერთაშორისო თანამეგობრობამ კოსოვოს რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. მანამდე კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში შედიოდა. ნატო-ს გადაწყვეტილებამ,  ჩარეულიყო კოსოვოს საკითხში და მილოშევიჩის სისხლიანი ქმედებებისთვის  წერტილი დაესვა, კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის უკმაყოფილება.


მდგომარეობას ართულებდა ის, რომ ნატო ამას გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის გარეშე აკეთებდა, რითაც მოსკოვს გაეროში ვეტოს უფლების უმოქმედობაზე მიანიშნებდა. რუსეთი ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს შემთხვევა თვისობრივად განსხვავდებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან, რუსეთმა ვითარება სათავისოდ გამოიყენა.  კრემლმა მაშინ პირობა დადო, რომ თუ დასავლეთი კოსოვოს აღიარებდა, მოსკოვი ამ ნაბიჯს „უპასუხოდ არ დატოვებდა".

მალევე მოსკოვმა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ მიმართული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო.

კერძოდ:


  • 2008 წლის 4 მარტს აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა რუსეთს  მათი დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით მიმართეს.

  • 6 მარტს რუსეთმა დატოვა 1996 წლის დსთ-ს შეთანხმება, რომელიც წევრ ქვეყნებს აფხაზეთთან პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას უკრძალავდა.

  • 21 მარტს სახელმწიფო დუმამ მიიღო რეზოლუცია, დოკუმენტი  მთავრობას მოუწოდებდა გადაეხედა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

  • 16 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება რუსეთის ოფიციალურ ორგანოებსა და სოხუმს/ცხინვალს შორის პირდაპირი ურთიერთობების დამყარების შესახებ.


ამ ნაბიჯების გადადგმის მიუხედავად, რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისათვის კონკრეტული მიზეზი სჭირდებოდა, ომი კი ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იყო.

 კოსოვოს საპასუხო შურისძიებად საქართველოს პუტინს შემთხვევით არ აურჩევია: ერთი რომ სააკაშვილი ბუშის პირდაპირ მოკავშირედ აღიქმებოდა, და მეორეც - რუსეთს სჭირდებოდა ეჩვენებინა საკუთარი გავლენა რეგიონზე, რომ  ნატოს გაფართოება  ვერ მოხდებოდა.

 

MAP-ზე უკეთესი

  

ამ ქრონოლოგიიდან 6 კვირის შემდეგ დასავლეთმა გადადგა მორიგი ნაბიჯი, რომლიც რუსეთისთვის კიდევ ერთი საბაბი გახდა საქართველო ამოეღო მიზანში. ნატოს რიგით მე-20 სამიტზე, რომელიც ბუქარესტში გაიმართა საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის - MAP-ის მინიჭების საკითხი უნდა გადაეწყვიტათ. ეს გადაწყვეტილება რუსეთის სამიზნედ ქცეული ორივე ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო. თბილისი და კიევი MAP-ს მათი უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევდა.


არავისთვის იყო საიდუმლო რომ ამას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა არა მხოლოდ რუსეთი. საკითხი ბუქარესტში ცხელი კამათისა და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამიტზე საკმაოდ მწვავე პოლემიკა მიმდინარეობდა არა მხოლოდ იმაზე, რამდენად აკმაყოფილებდა საქართველო და უკრაინა MAP-ის მიღების კრიტერიუმებს, არამედ საერთოდ ღირდა კი ამ მიმართულებით ნატოს გაფართოება?

 

-       მხარდამჭერ სახელმწიფოებს შორის იყვნენ: აშშ, ინგლისი კანადა, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთ, დანია.

-       მოწინააღმდეგეებს შორის იყვნენ: გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი.

 

მაგრამ ძირითადი ჭიდილი მაინც აშშ-სა და გერმანიას შორის მიმდინარეობდა.

 

თავდაპირველად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც ჯერ გერმანიისთვის, მეორედ კი აშშ-სთვის იყო მიუღებელი. შემდეგ შედგენილი ტექსტი კი,  სადაც უბრალოდ ნათქვამი იყო რომ „ნატო ინტენსიური თანამშრომლობის პერიოდს იწყებს“   მიუღებელი  საქართველოსა და უკრაინისთვის აღმოჩნდა. პროცესში უდიდესი როლი შეასრულეს საქართველოსა და უკრაინის გულშემატკივრებმა და მეგობრებმა: ლიეტუვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა, პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩნსკიმ და რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ. ანგელა მერკელთან  დიდი კამათის შემდეგ სწორედ ამ სამმა ლიდერმა შეათანხმა ტექსტი, რომ  „საქართველო და უკრაინა  გახდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები“. ამ ჩანაწერზე მოგვიანებით ხშირად ამბობდნენ, რომ ესაა „MAP-ზე უკეთესი.“ სინამდვილეში კი ეს არ იყო ის, რასაც საქართველო და უკრაინა ითხოვდნენ, მაგრამ არც ის, რაც ამ პროცესის მოწინააღმდეგეებს სურდათ, მათ შორის პუტინს.

 

მას შემდეგ, რაც საქართველომ და უკრაინამ MAP-ზე და შესაბამისად უსაფრთხოებაზე უარი მიიღეს, რუსეთს საომარი მოქმედებების წამოწყებისათვის კიდევ ერთი პირობა შეექმნა. რომელიც ცხადია რუსეთმა და სეპარატისტულმა რეჟიმებმა ხელიდან არ გაუშვეს.

 

2008 წლის აპრილში აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ქართული ჯარის მობილიზება შეინიშნება. 20 აპრილს რუსულმა მიგ 29-მ ჩამოაგდო ისრაელის წარმოების ქართული უპილოტო მზვერავი, რუსულმა მედიამ კი დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ომი გარდაუვალია და „საქართველო ამისთვის ემზადება.

 

ვითარების განსამუხტავად საქართველოს ელჩმა გაერო-ში, ირაკლი ალასანიამ 30 მაისს გამართულ უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ თბილისი აღარ განახორციელებს უპილოტო მზვერავი აპარატების ფრენებს.

 

ამავე დღეს პასუხად რუსეთმა აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირემდე მიმავალი სარკინიგზო ხაზის შესაკეთებლად, სარკინიგზო ჯარების 400-კაციანი შემადგენლობა შეიყვანა.


ივნისის შუა რიცხვებში ცხინვალის რეგიონის სოფლების: კეხვის, ერგნეთის, თამარაშენისა და კოხათის – მახლობლად აფეთქებები მოხდა. ცეცხლი იხსნებოდა სოფლების – სვერის, ფრისის, ზემო ფრისისა და ანძისის  მიმართულებით. ივლისში, სამხრეთ ოსეთის ქართული ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, დიმიტრი სანაკოევზე, თავდასხმის შემდეგ, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. თავდასხმის შედეგად, ექვსი ქართველი პოლიციელი დაიჭრა. 8 ივლისს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის, ვიზიტის წინა დღეს, რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია


15 ივლისს, რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები „კავკასია-2008“ დაიწყო. მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, სათაურით „მებრძოლო, იცნობდე შენს მტერს“, ინფორმაცია კი ეხებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალებს. 

 

29 ივლისიდან სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ძალებმა ქართველი სამშვიდობოების პოზიციებისა და ქართული სოფლების მიმართულებით დაიწყეს ცეცხლის გახსნა. ერთი კვირის შემდეგ, უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე სააკაშვილმა  ცხინვალში თემურ იაკობაშვილი გაგზავნა, რომელიც მოსალოდნელი შეხლა-შემოხლის თავიდან აცილებას ცდილობდა, თუმცა პროცესი უშედეგოდ დასრულდა. 

 

საბოლოოდ სეპარატისტების საპასუხო ცეცხლზე  რუსეთი „რუსი სამშვიდობოების დაცვის მოტივით“ საქართველოში შემოიჭრა.

 

7-დან 12 აგვისტომდე რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე დაახლოებით 40,000 ჯარისკაცი გადმოისროლა. ამდენი ჯარისკაცი ცხადია შემთხვევით არ აღმოჩენილა საქართველოს მისადგომებთან და მათი მობილიზება  ქვეყნის ოკუპაციისათვის გაცილებით ადრე დაიწყო. რუსეთმა გაცილებით ადრე დაიწყო რკინიგზისა და ფლოტის მოდერნიზებაც. პუტინს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ დასავლეთისთვის აგრესიული პასუხი უნდა გაეცა, ამისათვის კი იდეალური განტევების ვაცი16 წლის წინ საქართველო, 2014 და 2022 წლებში კი უკრაინა აღმოჩნდა.

 

დღეს, რუსეთის-საქართველოს ომიდან 16 წლის თავზე სახელისუფლებო პარტიის მთავარი საარჩევნო დაპირება „ბოდიშის მოხდა“, მთავარი გზავნილი კი მტრის აგრესიაში საქართველოს დადანაშაულებაა - ვფიქრობ ამომრჩეველი შესაბამის დასკვნებს გააკეთეს. როგორც მე, საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს პირადად ახსოვს როგორ დაესხა რუსეთი საქართველოს თავს. 

 


ავტორის შესახებ: თეონა ცხომელიძე "მედიახმის" აღმასრულებელი დირექტორი, ჟურნალისტი და ბლოგერი, ტრენერი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზის მფლობელი.


ბლოგი მომზადებულია სერიიდან "ისტორიის მცველები".

 


 

Comments


survey presentation_17 July
bottom of page